შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე, "თბილისი პრაიდის" მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, 26-ივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან „ალტ-ინფოს“ ლიდერები – ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, ასევე მამა-შვილი – გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.
"მიმდინარე წლის 1 ივლისს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს.
გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2 ივლისს თბილისში დაგეგმილია “პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.
წელს „თბილისი პრაიდმა“ უარი თქვა საჯარო მანიფესტაციაზე. ამის მიუხედავად, „კვირეულის“ დაანონსების შემდეგ ძალადობრივი ჯგუფები მაინც იმუქრებოდნენ. ამის გამო, 27 ივნისს ზურა მახარაძე და კოკა მორგოშია პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "პრაიდის" სამივე ღონისძიებაზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავენ.