ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, ბორის ჩოჩიევმა, ეუთოს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, კნუტ ვოლებეკს, ღია წერილი მისწერა.
წერილში ბორის ჩოჩიევი კნუტ ვოლებეკს "მრავალსახობაში", "ორმაგი სტანდარტების ნათელ ილუსტრაციაში", "მატყუარობაში" ადანაშაულებს და უცხადებს - "სინამდვილეში თქვენ არ გაინტერესებთ ეროვნული უმცირესობების ბედი".
"სხვა საშუალების არქონის გამო, იძულებული ვარ, ღია წერილით მოგმართოთ. გავეცანი თქვენ მიერ გაკეთებულ დასკვნებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის (და არა საქართველოს, როგორც თქვენ წერთ) რიგი რაიონების მონახულების შემდეგ გააკეთეთ და აი, უკვე მერამდენედ, გამოვხატავ გაკვირვებას საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგი წამომადგენლის მრავალსახეობასთან დაკავშირებით", _ წერს ჩოჩიევი და უცხადებს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული პოზიცია "ნათელი ილუსტრაციაა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკისა, რომლის მიზანია, დააბრუნონ სამხრეთ ოსეთის ხალხი საქართველოს უღელქვეშ".
"ამ მიზნის მისაღწევად მრავალი ჩინოვნიკი აშკარა ტყუილსაც არ ერიდება", _ წერს ჩოჩიევი და ვოლებეკს სთავაზობს, განიხილონ ის თემები, რომლებზედაც მან თავის მოხსენებაში "შეშფოთება" გამოთქვა. კერძოდ, საკითხი ე. წ. სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველების მდგომარეობას ეხება.
ჩოჩიევი წერილში აცხადებს, რომ არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როდესაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის "ხელისუფლება" აქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებას ზღუდავდეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხში.
წერილში ჩოჩიევი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს ტერმინებს უსწორებს და აუწყებს, რომ ახალგორის რაიონს "ლენინგორის რაიონი" ჰქვია და არა "ახალგორი, როგორც მას ვოლებეკი უწოდებს. საქართველოს ხსენებისას ჩოჩიევს წერილში გამოყენებული აქვს ეპითეტი "თქვენი საყვარელი საქართველო".
"ცნობისთვის, ქართული სკოლები ფუნქციონირებენ ყველგან არა მხოლოდ ლენინგორის (და არა ახალგორის) არამედ ჯავისა და ზნაურის რაიონებში. სამწუხაროდ, იმავეს კი ვერ ვიტყვით თქვენს საყვარელ დემოკრატიულ საქართველოზე", _ აცხადებს ჩოჩიევი.
"სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს" ბორის ჩოჩიევი ვოლებეკის შეშფოთებას, რომელიც ე. წ. სამხრეთ ოსეთის ქართული მოსახლეობის პასპორტიზაციისა და ქართველი ახალგაზრდების სეპარატისტთა ე. წ. შეიარაღებულ ძალებში ქართველი ახალგაზრდების იძულებით გაწვევის საკითხებს ეხება.
"სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, ყველა ადამიანი, მიუხედავად ეროვნებისა, უსაფრთხოების თანაბარ პირობებში იმყოფება და ეს მდგომარეობა აქ უფრო საგრძნობია, ვიდრე მეზობელ საქართველოში. ჩვენთან არ არის არც ერთი ფაქტი იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში ეროვნულ ნიადაგზე რომელიმე დანაშაული მოხდა", _ წერს ჩოჩიევი და აღნიშნავს, რომ "სამხრეთ ოსეთში ასევე არ არსებობს არც ერთი ფაქტი იმისა, რომ ქართველი ეროვნების მოქალაქეს იძულებით მისცა ვინმემ სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი.
"თუკი თქვენ იცით რომელიმე ფაქტი ამის შესახებ, დამისახელეთ ერთი მაინც", _ მიმართავს ჩოჩიევი ვოლებეკს და თან აფრთხილებს: "არ დაგავიწყდეთ, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა" და პასპორტიზაციის საკითხები ამ "დამოუკიდებელი სახელმწიფოს" საშინაო საქმეა.
როგორც წერილიდან ირკვევა, სეპარატისტები ამადლიან ეუთოს უმაღლეს კომისარს იმას, რომ "მათ მას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მონახულების საშუალება მისცეს".
"ჩვენ მოგეცით საშუალება, მოგენახულებინათ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია (რაზედაც რატომღაც მადლობას საქართველოს ხელისუფლებას უხდით) და ვიმედოვნებდით, რომ მიუკერძოებელი მაინც არ იქნებოდით და ობიექტურად გააშუქებდით ყველაფერს. სამწუხაროდ, კვლავ მწარედ მოვტყუვდით. სინამდვილეში თქვენ არ გაინტერესებთ ეროვნული უმცირესობების ბედი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაინტერესდებოდით 100 ათასზე მეტი განდევნილი ოსით, რომლებიც საქართველოდან გამოყარეს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოხვედით, თქვენ არ ისურვეთ ჩრდილოეთ ოსეთში შეხვედროდით საქართველოდან დევნილ ოსებს", _ წერს ჩოჩიევი და აგრძელებს: "თქვენი პოზიცია თბილისის პოზიციის იდენტურია, ამიტომაც გირჩევთ თქვენ და არა მხოლოდ თქვენ, კიდევ ერთხელ წაიკითხოთ პრეზიდენტების, მედვედევისა და სარკოზის შეთანხმება".