ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, გენერალმა პატრიკ სანდერსმა, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას 13 ივნისიდან შეუდგა, არმიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ისინი უნდა მოემზადონ ევროპაში კიდევ ერთხელ საბრძოლველად“.
Sky News-ის ცნობით, გენერალი სანდერსი ბრიტანელ ჯარისკაცებს იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომლებიც მათ წინაშე დგას, უკრაინაში გაჩაღებული ომის ფონზე.
"ახლა არსებობს მწვავე იმპერატივი, რომ შეიქმნას არმია, რომელსაც შეუძლია იბრძოლოს მოკავშირეებთან ერთად და დაამარცხოს რუსეთი ბრძოლაში. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც არმია უნდა მოამზადოს ევროპაში კვლავ საბრძოლველად", - თქვა მან.
პატრიკ სანდერსის განცხადებით, ის არის გენერალური შტაბის პირველი უფროსი 1941 წლის შემდეგ, რომელიც არმიას სათავეში ჩაუდგა ევროპაში გაჩაღებული ომის ფონზე.
"რუსეთის შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს ჩვენს უპირველეს მიზანს, დავიცვათ გაერთიანებული სამეფო, მზად ვიყოთ ვიბრძოლოთ და მოვიგოთ ომი ხმელეთზე", - განაცხადა სანდერსმა.
შეგახსენებთ, მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააფრთხილა თანამოქალაქენი, რომ უნდა მოემზადონ ხანგრძლივი ომისთვის, რადგან პუტინი მიმართავს გამოფიტვის კამპანიას.