შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 1995 წელს დაბადებული თ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1995 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაუსწრებლად წარედგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. „ახალ აღმაშენებელზე“ მდებარე ერთ-ერთ ბარში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. აღნიშნული დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა მ.ფ.-მ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი – 1989 წელს დაბადებული ჯ.უ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ჩხუბში მონაწილე კიდევ სამმა პირმა – 1998 წელს დაბადებულმა მ.ც.-მ, 1995 წელს დაბადებულმა ა.მ.-მ და 1990 წელს დაბადებულმა რ.დ.-მ. მათ შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. ოთხივე დაშავებული მამაკაცი ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირების იდენტიფიცირება ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე მოახდინეს, მოგვიანებით კი ორი პირი თბილისში დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ხმოვანი პისტოლეტი.
ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები.
ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.