შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 7 პირი დააკავეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 16 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი 1996 წელს დაბადებული რ.ა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით რევოლვერი ამოიღო.
1998 წელს დაბადებული ხ.მ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედება.
სამართალდამცველებმა, ხ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 13 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის „აკა-47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 23 ვაზნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ო.ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ა.ხ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კუსტარულად დამზადებული რევოლვერი და 8 ვაზნა.
ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაკავებულია 1998 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი თ.ქ. ნივთმტკიცებად ამოღებულია „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 19-229-ე მუხლით მიმდინარეობს.