საქართველოს პროკურატურამ, ძარცვის ორ ეპიზოდზე დაკავებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა სავაჭრო ჯიხურის მინა შეამსხვრია და აშკარად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ალკოჰოლურ სასმელებს, რის შემდგომაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ბრალდებულმა მიცკევიჩის ქუჩის მიმდებარედ, მოქალაქეს ჯიბიდან მობილური ტელეფონი გასტაცა და ასევე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
დაკავებულს ბრალდება ძარცვის ორ ეპიზოდზე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ძარცვა, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულს დაუყოვნებლივ დაენიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს დაუდგინდა შეურაცხადობა, რის გამოც იგი საჭიროებს ფსიქიატრიულ მკურნალობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნის შუამდგომლობით.