უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ ბრიტანულ გამოცემა Guardian-ს უთხრა, რომ ახლა დონბასში "საარტილერიო ომი" მიმდინარეობს და მისი შედეგი დამოკიდებული იქნება, თუ როგორ და რა რაოდენობით შეიარაღებას გადასცემს უკრაინას დასავლეთი.
მისი თქმით, უკრაინა ამ საარტილერიო ორთაბრძოლაში რუსეთთან მარცხდება და თითქმის მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთის იარაღზე.
"უკრაინას აქვს ერთი საარტილერიო შეიარაღება 10-15 რუსული საარტილერიო იარაღის წინააღმდეგ. დასავლელმა პარტნიორებმა ჩვენ მხოლოდ თავიანთი შეიარაღების 10 პროცენტი მოგვცეს", - ამბობს სკიბიცკი.
მისი თქმით, უკრაინა დღეში 5 000-დან 6 000-მდე საარტილერიო ჭურვს იყენებს. "ჩვენ თითქმის დავხარჯეთ ყველა [საარტილერიო] საბრძოლო მასალა და ახლა ვიყენებთ ნატო-ს 155 კალიბრის სტანდარტულ ჭურვებს", - თქვა მან.
სკიბიცკის სიტყვებს ადასტურებს აშშ-ის დაზვერვის მონაცემები. დაზვერვის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ სააგეტო "ფრანს პრესს" განუცხადეს, რომ უკრაინამ ამოწურა საბჭოთა და რუსული წარმოების შეიარაღება და ახლა მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნებზე.