ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, ევროკავშირის 3 ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ საერთო ჯამში ევროკავშირის შვიდი სახელმწიფო უკრაინისთვის სხვა ფორმატების მომხრეა, როგორიცაა ექსტრაკანდიდატობა ან პირობითი კანდიდატობა.
"იყო ბევრი განსხვავებული წინადადება, მაგრამ სინამდვილეში არის სამი ძირითადი ქვეყანა, რომლებსაც დღეს არ სურთ მწვანე შუქი აუნთონ უკრაინას", - თქვა სტეფანიშინამ და თავი შეიკავა ამ სახელმწიფოების დასახელებისგან.
Bloomberg-ის ცნობით, სტეფანიშინას მიერ ნაგულისხმევ ქვეყნებს შორისაა დანია და ნიდერლანდები, ხოლო გერმანია პირობითი კანდიდატის სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის.
როგორ Bloomberg-ი იუწყება, დანია მიიჩნევს, რომ უკრაინა საკმარისად არ აკმაყოფილებს ინსტიტუტების სტაბილურობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას.
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ევროკომისია გეგმავს რეკომენდაცია გაუწიოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ევროკომისია, რომელიც მოიცავს ევროკავშირის თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს, 17 ივნისს გასცემს შესაბამის რეკომენდაციას.
ევროკომისიის დასკვნა საბოლოოდ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ. აღნიშულ საკითხს ლიდერების 23-24 ივნისს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე განიხილავენ.