უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედრებმა სლავიანსკის, სევერდონეცკის, კრივოი როგის მიმართულებებზე, ასევე კრასნოგოროვკისა და პოლტავის მახლობლად რუს ოკუპანტებს უკან დახევა აიძულეს.
სევერსკის მიმართულებით მტრის აქტიური მოქმედებები არ შეინიშნება. ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს სუმის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს.
სლობოჟანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგე აგრძელებს შეტევის მზადებას. ავსებს მატერიალური საშუალებების, შეიარაღებისა და ტექნიკის მარაგებს რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინის არმიის შეტევითი პოტენციალის დაქვეითების მიზნით ახორციელებს ცეცხლს საქვემეხო არტილერიიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.
ხარკოვის მიმართულებაზე მტერს აქტიური მოქმედებებისთვის არ მიუმართავს. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკრაინის თავდაცვის ძალების შეკავებაზე. მტერმა ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დასახლებულ პუნქტებში. ასევე მიაყენა ავიადარტყმები.
მტერი კონცეტრირებულია სლავიანსკის მიმართულებაზე, კერძოდ, საინჟინრო აღჭურვილობის პოზიციებზე. შტურმი მიიტანა ბოგოროდიჩნოესა და დოლინის დასახლებულ პუნქტებზე, წარმატებას ვერ მიაღწია და დიდი დანაკარგის შემდეგ უკან დაიხია.
დონეცკის მიმართულებაზე რუსი ოკუპანტები აგრძელებენ საარტილერიო ცეცხლს შეხების ხაზის გასწვრივ.
ლიმანის მიმართულებაზე მტერმა დაბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იაროვოს, შუროვოს, სტარი კარავანისა და რაიგოროდოკის დასახლებული პუნქტები. შტურმი მიიტანა სტუდენკოს მახლობლად, საბრძოლო მოქმდებები გრძელდება.
სევეროდონეცკის მიმართულებაზე რუსი დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის ძალებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ცეცხლს სევერდონეცკში, ბოროვსკოეში, უსტინოვკასა და ლისიჩანსკში. მტრის მოიერიშე ავიაციამ ავიადარტყმები მიაყენა მირნოი დოლინის სიახლოვეს. ამის გარდა, მეტელკინოსა და ბელოგოროვკის რაიონებში ოკუპანტებმა შტურმი სცადეს, მაგრამ დიდი დანაკარგი განიცადეს, უკან დაიხიეს და ძველ პოზიციებს დაუბრუნდნენ.
სევეროდონეცკის ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები გრძელდება.
ბახმუტის მიმართულებაზე მტერმა ცეცხლი გაუხსნა პოკროვსკოეს, ნიუ იორკის, ზოლოტოეს, კამიშევახის, ნიკოლაევკის, ბერესტოვოს, ბელოგოროვკისა და ვრუბოვკის დასახლებულ პუნქტებს, ვრუბოვკისთან ოკუპანტების შტურმს წარმატები არ მოჰყოლია.
ავდეევკის, კურახოვის, ნოვოპავლოვისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მტერს აქტიური მოქმედებები არ განუხორციელებია.
მტერი ცდილობდა შტურმის განხორციელებას კრასნოგოროვკისა და პოლტავკის სიახლოვეს, მაგრამ წარუმატებლად, უკან დაიია და ძველ პოზიციებს დაუბრუნდა.
იუჟნობუჟის მიმართულებაზე მოწინააღმდეგე იყენებდა ნაღმტრორცნებს, საქვემეხო არტილერიასა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში. კრივოი როგის მიმართულებით მტერმა გააქტიურა საჰაერო დაზვერვა და ცდილობდა შტურმის განხორციელებას, მაგრამ უკრაინის ძალებმა მოწინააღმდეგე უკაუგდო და ძველ პოზიციებზე დაახევინა.
ოკუპანტები დაცვის საზღვრების შეკავების მიზნით აძლიერებენ მოწინავე პოზიციებს რეზერვის გადაჯგუფების ხარჯზე თავდაცვის ძალების დანაყოფების წინსვლის შესაძლო მიმართულებებზე.
ასევე გენშტაბის ცნობით, მტრის 150-ე მოტომსროლელმა დივიზიამ პოპასნიას მიმართულებით განიცადა დიდი დანაკარგი - პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სულ მცირე 50 პროცენტი.
„მტრის პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია, რაც გამოწვეულია მათი როტაციის ვადების მუდმივი გადაწავით, რის გამოც პირადი შემადგენლობა უარს ამბობს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.