გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „ჯი.ერ.ვი“ ღვინის საწარმო დაათვალიერა.
"მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საწარმოების შექმნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. კომპანიის „ჯი.ერ.ვი“ ღვინის საწარმო ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში ახორციელებს. თანამედროვე წარმოების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენმა მევენახეებმა შეძლონ ხარისხიანი ყურძნის შესაბამის ფასებში ჩაბარება, რომ მივიღოთ ხარისხიანი ღვინო და გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
კომპანიამ „ჯი.ერ.ვი“ შეღავათიანი აგროკრედიტით ღვინის წარმოების განვითარების მიზნობრიობით ისარგებლა. ღვინის საწარმოს შექმნისათვის, ჯამური ინვესტიცია 13 მლნ ლარი განხორციელდა. საწარმოში, რომლის წარმადობა 4,000 ტონა ყურძნის გადამუშავებაა, მუდმივად 30 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი, 40. კომპანია წარმოებული ღვინის ექსპორტს ახორციელებს აშშ-ის, ჩინეთის და ევროპის ბაზრებზე.
აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, 2013 წლიდან, ღვინის წარმოების მიზნობრიობით, ბანკების მიერ გაიცა 242 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხები; სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 46 მლნ ლარს აღემატება.