რუსეთმა, სავარუდოდ, დამანგრეველი დანაკარგები განიცადა საშუალო და უმცროს ოფიცრებს შორის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება.
"ბრიგადებისა და ბატალიონების მეთაურები, სავარაუდოდ, ფრონტის წინა ხაზზე გადიან და თავიანთი სიცოცხლის ფასად იღებენ უკომპრომისო დონის პასუხისმგებლობას თავიანთი ქვედანაყოფების მოქმედებების გამო", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.
უწყების წარმომადგენელთა აზრით, ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ რუსეთი განიცდის კარგად მომზადებული და სამეთაურო უფლებამოსილებით აღჭურვილი სერჟანტების ნაკლებობას, როგორიც დასავლეთის ქვეყნების არმიებშია.
ამიტომ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა მიიჩნევს, რომ უმცროს ოფიცრებს უწევთ უხელმძღვანელონ ტაქტიკურ მოქმედებებს ყველაზე დაბალ დონეზეც კი.
"პროფესიონალი, ახალგაზრდა ოფიცრების მნიშვნელოვანი დანაკარგი, სავარაუდოდ, გააღრმავებს მიმდინარე პრობლემებს მოდერნიზაციის, მართვისა და კონტროლის მიმართულებით", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
მისივე თანახმად, ეს აისახება ტაქტიკური ჯგუფების ბატალიონების ეფექტიანობაზეც, რომლებსაც აკომპლექტებენ რამდენიმე გადარჩენილი ქვედანაყოფისგან.
"რუსეთის ძალებში ლოკალური ამბოხება, გამოცდილი და ნდობით აღჭურვილი ოფიცრების ნაკლებობა, სავარაუდოდ, გამოიწვევს საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითებას და დაბალი დისციპლინის შენარჩუნებას", - აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე ორი თვეა უკრაინაში დანაკარგის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს. უწყების ბოლო ინფორმაცია 25 მარტით თარიღდება - მაშინ სამინისტრომ მხოლოდ 1 351 დაღუპული სამხედროს შესახებ განაცხადა. უკრაინის მხარის მონაცემებით, 30 მაისის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინაში უკვე 30 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.
თავის მხრივ, ბრიტანეთის დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ სამ თვეში რუსეთმა უკრაინაში იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 9-წლიანი ომის განმავლობაში - დახლოებით 15 ათასი ადამიანი.
აპრილის ბოლოს გამოცემა "მედიაზონამ" რეგიონებიდან მიღებული მონაცემების შესწავლის შედეგად გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ძალებს შორის 317 ოფიცრის დაღუპვის შესახებ, მათგან მესამედზე მეტი მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკია. ამის გარდა, ღია წყაროების თანახმად, უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე ორ რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი და ვლადიმირ ფროლოვი. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში საერთო ჯამში რვა გენერალი დაკარგა.