უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა უარყო კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს რუსეთის არმია აკონტროლებს.
მალიარის თქმით, ქალაქში სასტიკი ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს.
"დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ: სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას", - განაცხადა მალიარმა და დასძინა, რომ არასწორია საუბარი ქალაქის აღებაზე, როცა ვიდრე ბრძოლა გრძელდება.
შეგახსენებთ, დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთს არმია ქალაქ ლიმანს სრულად აკონტროლებს.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა თავის მოხსენებაში, რომელიც 27 მაისის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ეყრდნობა, აცხადებს, რომ "რუსებმა სავარაუდოდ დაიკავეს დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლიმანის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, რაც სავარაუდოდ დონბასში რუსეთის შეტევის შემდეგი ეტაპის წინასწარი ოპერაციაა".
"ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქალაქში განთავსებულია დიდი სარკინიგზო კვანძი, ასევე აქედან შესაძლებელია მდინარე სევერსკი დონეცის გასწვრივ მდებარე მნიშვნელოვან საგზაო და სარკინიგზო ხიდებზე წვდომა", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის მოხსენებაში.