რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის არმია სრულად აკონტროლებს დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს (წარსულში კრასნაია ლიმანი ეწოდებოდა).
"ქალაქი ლიმანი მთლიანად განთავისუფლდა "უკრაინელი ნაციონალისტებისაგან" და მოექცა რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ", - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერამა იგორ კონაშენკოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
28 მაისს, დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინებოდა, რომ რუსები "ცდილობდნენ ფეხის მოკიდებას" ლიმანის რაიონში.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა თავის მოხსენებაში, რომელიც 27 მაისის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ეყრდნობა, აცხადებს, რომ "რუსებმა სავარაუდოდ დაიკავეს დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლიმანის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, რაც სავარაუდოდ დონბასში რუსეთის შეტევის შემდეგი ეტაპის წინასწარი ოპერაციაა".
"ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქალაქში განთავსებულია დიდი სარკინიგზო კვანძი, ასევე აქედან შესაძლებელია მდინარე სევერსკი დონეცის გასწვრივ მდებარე მნიშვნელოვან საგზაო და სარკინიგზო ხიდებზე წვდომა", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის მოხსენებაში.