20 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიხსნება მრგვალი მაგიდა თემაზე: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება: ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT).
ორგანიზატორთა განცხადებით, შეხვედრები და დიალოგი ამ ფორმატში მიმართულია ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფარგლებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებისთვის საჭირო ზომების და პოლიტიკის შემუშავებისკენ.
შეხვედრაში მონაწილეობენ ევროკომისიის დელეგაციის, ევროკავშირის და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორი და ბიზნეს ასოციაციები.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მრგვალი მაგიდების შეხვედრები მიეძღვნება ასევე სხვა ტიპის არასატარიფო ბარიერებს, როგორიცაა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, კონკურენციის მარეგულირებელი და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ნორმები. დისკუსიების შედეგად მიღებული რეკომენდაციები აისახება ფონდის მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენებში და მიეწოდება ყველა დაინტერესებულ მხარეს.