დანია უკრაინას Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და გამშვებ დანადგარებს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, რომელიც უკრაინის თავდაცვის თემას ეხებოდა. იუწყება უკრაინული მედია.
"განსაკუთრებით მადლიერი ვარ დანიის, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ უკრაინას Harpoon-ის ტიპის რაკეტებსა და გამშვებ დანადგარებს გადასცემს, რათა უკრაინამ თავისი სანაპიროს დაცვა შეძლოს", - განაცხადა ოსტინმა.
ოსტინმა აღნიშნა, რომ 20-მა ქვეყანამ დახმარების ახალ პაკეტზე განაცხადა. ბევრი ქვეყანა უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვან საარტილერიო შეიარაღებას, ტანკებსა და ჯავშანტექნიკას გადასცემს.
სხვა ქვეყნებმა უკრაინას სამხედროების სწავლება და მათი სამხედრო სისტემების მოდერნიზაცია შესთავაზეს.
ამასთან, ოსტინის თქმით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მათ შორის უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა.
ოსტინმა დასძინა, რომ ჯგუფს პირველად შეუერთდნენ ავსტრიელი, ბოსნიელი, კოლუმბიელი და კოსოველი მინისტრები.