საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა კლემან ბონემ განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესი 15 ან 20 წელი გასტანს.
"ჩვენ გულწრფელები უნდა ვიყოთ. თუ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში ექვსი თვის, ერთი ან ორი წლის შემდეგ შევა, ცრუობთ. შესაძლოა, ეს მოხდეს 15 ან 20 წლის შემდეგ, ამას დიდი დრო დასჭირდება... თუ ჩვენ უკრაინელებს ვეტყვით: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში, მაგრამ თქვენ ბოლომდე არ წაგიკითხავთ ხელშეკრულება: სქოლიოში წერია: ეს იქნება 15 წლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ უკრაინელი თაობებისთვის იმედგაცრუების ნიადაგს შევქმნით", - განაცხადა ბონემ.
მან გაიმეორა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინადადება ახალი "ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის" შექმნის შესახებ, რომელშიც იქნებოდა უკრაინა.
"ეს ხელს არ შეუშლის მომავალში ევროკავშირში წევრობას", - განაცხადა ბონემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს, მაკრონის წინადადების კომენტირებისას განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების განაცხადის ნებისმიერი ალტერნატივა რუსეთთან კომპრომისი იქნება.