ბორის ჩოჩიევმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეს ევროკავშირის მხრიდან პიერ მორელს წერილი მისწერა, რომელშიც ოს სეპარატისტთან ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ირწმუნება, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გამავალი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრისა და გამყარების სამუშაოებს შესაძლოა ხელი შეუშალოს ინციდენტებმა, რომლებიც ევროკავშირის მისიის პასუხისმგებლობის ზინაში ხდება.
წერილში ჩოჩიევი აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ უარყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინადადებები "სახელმწიფო საზღვრის" დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების ერთობლივად ჩატარების შესახებ. ჩოჩიევი ასევე აუწყებს მორელს, რომ ამის გამო ე.წ. სამხრეთ ოსურმა მხარემ ცალმხრივად დაიწყო აღნიშნული სამუშაოები.
"თუმცა გაჩნდა პრობლემები, კერძოდ მოსაზღვრე ქართული სოფლების მოსახლეობამ ჩვენი სპეციალისტებისათვის აღნიშნული სამუშაოების ჩატარების დროს ხელის შეშლა სცადა. ყოველივე ამას თვალს ადევნებდნენ ევროკავშირის დამკვირვებლები. აღნიშნული ინციდენტი შესაძლოა სერიოზულ შედეგებამდე მისულიყო", _ ნათქვამია წერილში და იქვე აღნიშნულია, რომ ოსი სეპარატისტები აღნიშნულ სამუშაოებს მომავალშიც გააგრძელებენ.
ჩოჩიევი ამასთან დაკავშირებით პიერ მორელს სთხოვს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, მსგავსი ინციდენტების მომავალში თავიდან აცილების მიზნით მოსაზღვრე ქართული სოფლების მოსახლეობა გააფრთხილოს.