სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი ლეონიდ ძიაპშბა აფხაზეთიდან "კანონიერი ქურდების" გაყრის პირობას დებს. დღეს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ძიაპშბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ამიერიდან აღარ იქნებიან ე.წ. კანონიერი ქურდები, ვინაიდან სამართალდამცავები მათ წინააღმდეგ სერიოზული ზომების გატარებას აპირებენ.
ძიაპშბამ აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რამდენიმე ხნის წინ რუსეთიდან აფხაზეთში შემოვიდა ქართველი ეროვნების ე.წ. კანონიერი ქურდი ირაკლი ბულისკერია. ოპერატიული ინფორმაციით, ბულისკერია ჭკუა-დარიგებებს აძლევდა ე.წ. აფხაზ კანონიერ ქურდებს და მათ კურდულ კანონებს აცნობდა.
"ქურდებმა შეკრება გაგრაში მოაწყვეს. რესპუბლიკის შს სამინისტროს ოპერატიული ჯგუფი კი მათი შეკრების ადგილისაკენ გაემართა, თუმცა ბულისკირიამ რუსეთში გადასვლა და მიმალვა შეძლო. შეკრების დანარჩენი მონაწილეები სამართალდამცავებმა დააპატიმრეს და ისინი ამჟამად დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან", _ განაცხადა ძიაპშბამ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ადმინისტრაციული სასჯელის აღსრულების ბოლოს ე.წ. კანონიერი ქურდები ან უარს იტყვიან ქურდულ ტრადიციებზე ან აფხაზეთის ტერიტორიას დატოვებენ, იმიტომ რომ "მშვიდი ცხოვრება მათ ისევე როგორც სხვა დამნაშავეებს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ ექნებათ".