სააგენტო Reuters-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს რუსი სამხდროების ნაწილის ვინაობა, რომლებიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდნენ. კერძოდ, მათ ბუჩაში აღმოაჩინეს "როსგვარდიის" სპეცდანაყოფის "ვიტიაზის" წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებული მოწმობა.
ამასთან, სააგენტოს გამოძიების ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ სახლში, სადაც რუსი ოკუპანტები იმყოფებოდნენ ნაპოვნია სასიყვარული წერილი, რომელიც მოწმობს, რომ ბუჩაში ასევე განლაგებული იყო ფსკოვის 76-ე გვარდიის სადესანტო დივიზია.
წერილი გაგზავნილი იყო კაცის სახელზე, რომელიც, როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ფსკოველი მედესანტე აღმოჩნდა. ამავე დივიზიის კიდევ ერთი სამხედროს ვინაობა დადგინდა ერთ-ერთი სახლის კედელზე შესრულებული გრაფიტის წარწერით - Wolf_68.
გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერისა და თვითმხილველთა ნაამბობის საფუძველზე Reuters-მა დაადგინა, რომ ბუჩაში იმყოფებოდა ჩეჩნების რამდენიმე ქვედანაყოფი.
4 მაისის მდგომარეობით, კიევის ოლქში პოლიციამ უკვე 1 235 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინა.
კიევის ოლქი რუსი სამხედროებისგან 2 აპრილს გათავისუფლდა. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე შესულ უკრაინელ სამხედროებსა და სამართლადმცელებს შემაძრწუნებელი სურათი დახვდათ. ქალაქებსა და სოფლებში რუსი ოკუპანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს.
ბუჩაში, ბოროდიანკასა და სხვა დასახლებებში აღმოჩენილია 2 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, რომელთა უმეტესობას აღენიშნება წამების კვალი. ცხედრები ნაპოვნია სარდაფებშიც, სადაც ოკუპანტები ადგილობრივებს აწამებდნენ და ხვრეტდნენ. დაფიქსირებულია ათეულობით გაუპატიურების შემთხვევა. რუსი სამხედროები აუპატიურებდნენ ქალებსა და მცირეწლოვან ბაშვებს.
მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, რუსეთი უარყოფს მისი სამხედროების მხრიდან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას და "დადგმულს" უწოდებს საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ, ომის დანაშაულის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებს.
ლატვიის, ესტონეთისა და კანადის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარეს. აღნიშნულ საკითხზე სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებიც მუშაობენ.