აშშ ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ტრამპი წერს რომ, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან ან უფრო ადრე, ჩინეთის მიერ განხორციელებული შემდგომი ქმედებების ან ცვლილებების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფს დაუწესებს, რომელიც დაემატება ჩინეთის მიერ ამჟამად გადახდილ ნებისმიერ ტარიფს.
„ახლახან გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა ვაჭრობის საკითხში უკიდურესად აგრესიული პოზიცია დაიკავა და მსოფლიოს უკიდურესად მტრული წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან ის დააწესებს ფართომასშტაბიან ექსპორტზე კონტროლს პრაქტიკულად ყველა მის მიერ წარმოებულ საქონელზე და ზოგიერთ საქონელზე, რომელსაც საერთოდ არ აწარმოებს.
ეს გამონაკლისის გარეშე ყველა ქვეყანას ეხება და ცხადია, ეს გეგმა მათ რამდენიმე წლის წინ შეიმუშავეს.
ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია საერთაშორისო ვაჭრობაში და მორალური სირცხვილია სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში,“ - წერს ტრამპი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, ჩინეთის პოზიციის საპასუხოდ, არსებული ტარიფების გარდა, ჩინურ საქონელზე 100%-იან ტარიფს დააწესებს.
„ჩინეთის მიერ ამ უპრეცედენტო პოზიციის დაკავების საფუძველზე... 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან (ან უფრო ადრე, ჩინეთის შემდგომი ქმედებების ან ცვლილებების მიხედვით), შეერთებული შტატები ჩინეთიდან წარმოებულ საქონელზე 100%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც დაემატება ჩინეთის მიერ ამჟამად გადახდილ ნებისმიერ ტარიფს. ასევე, 1-ელ ნოემბერს ყველა კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტის კონტროლს შემოვიღებთ,“ - წერს ტრამპი.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ მას უჭირდა იმის დაჯერება, რომ ჩინეთს შეეძლო „ასეთი ზომების მიღება“, მაგრამ მათ ეს გააკეთეს.