უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით 9158 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
"ყოველდღიურად გვაქვს საფუძველი, გავხსნათ უფრო და უფრო მეტი ახალი საქმე - მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი, დაბომბვა, ჩვენი ხალხისა და ბავშვების დეპორტაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიებზე", - თქვა მან.
ვენედიქტოვას თქმით, კიევის ოლქში ჩადენილი დანაშაულისთვის 15 ეჭვმიტანილი გამოვლინდა, მათგან 10 ითვლება, რომ მონაწილეობდა ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებში.
გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ ომის დამნაშავეების რეალურ პასუხისმგებლობამდე მიყვანის ორი გზა არსებობს.
"პირველი გზა არის, როცა კრიმინალები ფიზიკურად ჩვენთან არიან, როგორც სამხედრო ტყვეები. თუ გვაქვს მტკიცებულება, რომ მათ გააუპატიურეს, მოკლეს, ჩაიდინეს სხვა დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვიმოქმედებთ უკრაინის სასამართლოს მეშვეობით. მეორე, თუ დამნაშავეებმა დატოვეს ჩვენი ტერიტორია ან განაგრძობენ ბრძოლას, მაგრამ მათი ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ჩვენ მოვითხოვთ მათ პასუხისგებაში მიცემას. ჩვენ უკვე გვყავს 620 ეჭვმიტანილი, მათ შორის რუსი სამხედროები, პოლიტიკოსები, ცნობილი პროპაგანდისტები - ყველა მათგანი რუსეთის ფედერაციაშია“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.
გენერალურმა პროკურორმა დასძინა, რომ მტკიცებულებების შეგროვება ყოველდღიურად გრძელდება, მიმდინარეობს დაზარალებულთა და მოწმეთა დაკითხვები.