„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დეპუტატებმა 77 ხმით, 3 წინააღმდეგ მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღეს, რომელიც კოლეგებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გააცნო.
კანონპროექტი, დღეს მოქმედი პრაქტიკის შეცვლის მიზნით მომზადდა. ცვლილება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სპეციალურ წესს ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან/და უარს აცხადებს აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობაზე, სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ამ გადაწყვეტილების გაცნობად ჩაითვლება: ა) გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, განთავსების თარიღის მითითებით, რაც დადასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი ოქმის შედგენით; ბ) გადაწყვეტილების შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება, განთავსების თარიღის მითითებით.
ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის გაცნობად ჩაითვლება ამ გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე ან მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. სამართალდამრღვევისთვის ინფორმაციის უკეთ მიწოდების უზრუნველსაყოფად, კანონპროექტით გათვალისწინებულია ყველა ზემოხსენებულ ქმედებასთან ერთად, დამატებით შესაბამისი პირის/პირების ტელეფონის ნომერზე, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნა, ან/და სამართალდამრღვისთვის ელექტრონულ ფოსტაზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების გაგზავნა. აღნიშნული ემსახურება ინფორმაციის უკეთ მიწოდების უზრუნველყოფას და არ ჩაითვლება გადაწყვეტილების გაცნობად.