საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის საკითხები საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, ასევე, ფისკალური რისკების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით.
ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, საგადასახადო ადმინისტრირების დიაგნოსტიკის ინსტრუმენტის - ე.წ. TADAT-ის მიხედვით. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია საქართველოს მიერ უკვე მიღწეული შეფასებების კიდევ უფრო გაუმჯობესება.
შეხვედრაზე ისაუბრეს სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობაზე ქვეყნის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისთვის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.