მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებში ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას (SMEDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გრიგოლ ფაიქიძემ მოაწერეს.
ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კუთხით სებ-ის ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტივობა ხორციელდება.
"მეწარმეების ფინანსურ განათლებას, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის" მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების 2021 წლის საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მეწარმეების ფინანსური განათლების დონე გამოკითხვაში მონაწილე სხვა ქვეყნებთან შედარებით საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. ეროვნული ბანკი და ფინედუ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობს. SMEDA-სთან გაფორმებული მემორანდუმიც ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა. ფინანსური განათლების ამაღლება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ეფექტიანობისთვის ბევრი ჩართული მხარე, დრო, შრომა და ძალისხმევა სჭირდება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
"ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. თემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან საჭირო დროს და საჭირო მოცულობით დაფინანსების მოძიება ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ვფიქრობ, "მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციასა" და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმი სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის საფუძველი გახდება და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში შევძლებთ ისეთი ერთობლივი საინფორმაციო თუ სხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს პრაქტიკულ სარგებელს მოუტანს", - განაცხადა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გრიგოლ ფაიქიძემ.