არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მიმოიხილა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, რუსული აგრესიის და საერთაშორისო სანქციების პირობებში ქართულ პორტებზე მოთხოვნა იზრდება.
ზრდა მოსალოდნელია ყველა ტიპის სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების კუთხით.
"ორგანიზაციის ვარაუდით, საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს, 2021-თან შედარებით, დაახლოებით 150 მლნ დოლარით მეტი იქნება და 960 მლნ დოლარს გადააჭარბებს. მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი საზღვაო და საგზაო ტრანსპორტირების შემოსავლებში საერთაშორისო ტვირთების ნაკადების გადამისამართებიდან გამომდინარე. ეს მოვლენა კი საქართველოსთვის სავალუტო შემოდინებებზე და ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანწილად პოზიტიური გავლენის მქონე იქნება. ახალ რეალობაში, სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის გაძლიერება მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად უსაფრთხოების დამატებით გარანტიებსაც გააჩენს. კვლავ გამოწვევად რჩება არ აშენებული და დაუსრულებელი საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა იქნებოდა. საჭიროა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ახალ მსოფლიო წესრიგში საქართველოსთვის, როგორც სატრანზიტო ჰაბისთვის, ადგილის დამკვიდრება", აღნიშნულია საქართველოს სატრანზიტო შემოსავლების მიმოხილვაში.