ოსი სეპარატისტები იუწყებიან, რომ დღეს სეპარატისტების მიერ საზღვრის ე. წ. სადემარკაციო სამუშაოს ჩატარებისას მოსაზღვრე ქართული სოფლების მცხოვრებლებმა სეპარატისტებისთვის ხელის შეშლა სცადეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოს ჩატარების დროს მოსაზღვრე სოფლების ფრისი და არგვიცის (სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რაიონი) რაიონში ქართული სოფელ დიცის (საქართველო) მცხოვრებლებმა სადემარკაციო ჯგუფისთვის ხელის შეშლა სცადეს", _ იუწყება ოსური მხარე და აღნიშნავს, რომ "ქართული დასახლებული პუნქტის ათამდე მცხოვრები საშიშად მიუახლოვდნენ სახელმწიფო საზღვარს და სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს ტერიტორია მათი სოფლის საკუთრებაა".
სეპარატისტები აღნიშნავენ, რომ იმის გამო, რომ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი არც ერთი და არც მეორე მხრიდან არ ყოფილა, სადემარკაციო ჯგუფი თავის საქმიანობას განაგრძობდა და ხმაურს ყურადღებას არ აქცევდა.
მათი ინფორმაციით, რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ ქართული სოფლების მცხოვრებლები დაიშალნენ.
"აღნიშნული შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები. ისინი საზღვარს მოუახლოვდნენ და მომხდარს ადევნებდნენ თვალს", _ იუწყებიან ოსი სეპარატისტები.