"არ შეიძლება სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ენდო ევროპარლამენტში, სადაც იმ ქვეყნების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც აიარაღებდნენ საქართველოს და მას სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისათვის გზას ულოცავდნენ", - განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევმა საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას, სადაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავის თავზე არაერთხელ აღებული ვალდებულებები მშვიდობის შესახებ სულაც არ უშლის მას ხელს, დაარღვიოს ისინი.
"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-13 რაუნდზე განვიხილეთ თავდაუსხმელობის ხელშეკრულების მომავალში ხელმოსაწერი შეთანხმების ფორმა და ფორმატი. ვფიქრობთ, მე-14 რაუნდზე თანათავმჯდომარეები და ქართული დელეგაცია ბოლოს და ბოლოს დასთანხმდებიან ჩვენს აზრს იმის შესახებ, რომ იურიდიულად სავალდებულო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერის გარეშე ჟენევის დისკუსიებს წარმატება არ ექნება", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისი თქმით, სააკაშვილმა მშვიდობის წინადადებებით უნდა მიმართოს მათ, ვის წინააღმდეგაც გამოიყენა ძალა და ვის წინააღმდეგაც იგი თითქოს აღარ აპირებს ძალის გამოყენებას.
"რუსეთის ფედერაცია იყო და არის კიდეც მშვიდობის გარანტი სამხრეთ ოსეთში და მისი ინტერესების დამცველი აგრესორის წინაშე", _ აცხადებს ჩოჩიევი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-14 რაუნდი მიმდინარე წლის 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს.