1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 34588 კოლოფის და 90 კილოგრამამდე უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 575 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.
419 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155² მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.
3 ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად 153 ფაქტი ჩაითვალა და შედგა ამოღების ოქმები.