თბილისში საწვავის გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ.
საწვავის გაიაფების მოთხოვნით, მოქალაქეებმა აქცია გამართეს. თავდაპირველად, აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. მოგვიანებით კი პარლამენტის შენობასთან მოიყარეს თავი.
მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ საწვავის ფასმა დაიკლოს, ასევე, განახევრდეს აქციზის გადასახადი.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ საპროტესტო მოძრაობას ლიდერი არ ჰყავს და ყველას, ვინც უკმაყოფილია საწვავის მაღალი ფასებით, შეუძლიათ შეუერთდნენ.
მოგვიანებით, პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა მსვლელობით, გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს და ესტაკადაზე შესასვლელი გზა საკუთარი ავტომობილებით ჩაკეტეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტო კვანძის დაკეტვა, რაც იწვევს დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, იქნება აღკვეთილი", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.