24 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის თავზე, ბრიტანეთმა კრემლის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა.
BBC-ის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის კიდევ 66 ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა სანქცირებულთა სიაში.
ახალი სანქციების ფარგლებში გაიყინა "ალფა ბანკის", ასევე "გაზპრომბანკის", "როსელხოზბანკის" აქტივები.
მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცნენ რუსეთის ალმასის მომპოვებელი კომპანია "ალროსა", რუსეთის რკინიგზა და სხვები.
"სანქციები მიზანში იღებს რუსეთის ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ბანკებს, ინდუსტრიებს და ფიზიკურ პირებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სანქციები ასევე დაწესდა რუსეთის უმსხვილესი ბანკის „სბერბანკის“ ხელმძღვანელის გერმან გრეფის, რუსი ოლიგარქის ოლეგ ტინკოვის, რომან აბრამოვიჩის ბიზნესპარტნიორ ევგენი შვიდლერის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის დმიტრი ბულგაკოვის, ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილის დიმიტრი შუგაევისა და "როსობორონექსპორტის" გენერალური დირექტორის ალექსანდრე მიხეევის წინააღმდეგ.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა სამხედრო კომპანია "ვაგნერი".
როგორც ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, სანქციები ამ ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების გაყინვას გულისხმობს.