საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული რ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1992 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კ.ხ. მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ფოთში დააკავეს.
როგორც შსს-ში განმარტავენ, პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.