საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებები შემოდის, კერძოდ, უმცროსი სპეციალური წოდება მიენიჭებათ რიგითებს, უმცროს სერჟანტს, სერჟანტს, უფროს სერჟანტს და ზემდეგს. საშუალო სპეციალური წოდება - უმცროს ლეიტენანტს, ლეიტენანტს, უფროს ლეიტენანტსა და კაპიტანს, ხოლო უფროსი სპეციალური წოდება _ მაიორს, ვიცე-პოლკოვნიკსა და პოლკოვნიკს.
შესაბამისი უწყებების მსგავსად, თავდაცვის სამინისტროზე გავრცელდება სპეციალური წოდების საკითხებზე მოქმედი წესები.
"სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" კანონში ცვლილებებით ხდება თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურისა და სამართალდამცავი ფუნქციების მქონე პირთა კარიერული სისტემის გამიჯვნა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ჯორბენაძემ წარმოადგინა.
მისი განმარტებით, "სამხედრო პოლიციის შესახებ" კანონში ცვლილების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე გავრცელდება სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე მოქმედი სოციალური გარანტიები.
თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარი, ხოლო დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში 7 000 ლარი მიეცემათ.
კომიტეტის წევრებმა საკითხის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.