ალტ-ინფომ თავისი პირველი მუქარა შეასრულა, მივიდნენ ენმ-ის ოფისში და ასე დამახანჯეს, - წერს მარნეულელი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ფეისბუქზე.
ბაირამოვა ამბობს, რომ ალტ-ინფომ პარტიის შენობის კედლებზე მისი შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.
"ალტ-ინფომ თავისი პირველი მუქარა შეასრულა, მივიდნენ ენმ-ის ოფისში და ასე დამახანჯეს!
კარგად იციან, რომ მე არ ვარ ენმ-ის წევრი, ეს მათი პროვაკაციაა!
იმედი მაქვს, შსს-ს ესმის, რამდენად საშიში არიან ისინი", - წერს სამირა ბაირამოვა ფეისბუქზე.
14 მარტს აქტივისტმა ქალაქში ძალადობრივი ჯგუფის პარტიული ოფისის გახსნა გააპროტესტა და გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა.
მას შემდეგ, რაც ბაირამოვამ ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტა, ძალადობრივმა ჯგუფებმა მის მიმართ მუქარები წამოიწყეს. მათი განცხადებით, ბაირამოვამ შეურაცხყო ჯვარი, რომელიც კონსერვატიული მოძრაობის პარტიული სიმბოლოდ არის გამოყენებული.
შსს-მ ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.