აფხაზმა სეპარატისტებმა ილორის წმინდა გიორგის ტაძარი როგორც გარედან ისე შიგნიდან შეათეთრეს. ეს განცხადება აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის წარმომადგენელმა გააკეთა.
"რაც შეეხება ილორის ტაძარს, რომელზეც ასე ღელავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი გუმბათისათვის ხელი არავის უხლია. უბრალოდ თავად ტაძარი შევათეთრეთ", _ აცხადებს აფხაზური ე.წ. ეპარქიის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ასევე შეთეთრებულია ტაძრის შიგნითა ნაწილი.
"რაც შეეხება ტაძრის შიგნით ნაწილს - ქართველი სამხედროების 1992-1993 წლებში იქ საბურავებს წვავდნენ და ამიტომაც ტაძრის შიგნითა ნაწილი გაიჭვარტლა", _ აცხადებს აფხაზი ე.წ. სასულიერო პირი.
მისივე განცხადებით, ტაძარში ამჟამად მოღვაწე სასულიერო პირმა სერგეი ჯოპუამ მოახდინა ტაძრის შეთეთრების ორგანიზება და ყველანაირი პირობა შექმნა იქ მრევლის მისვლისათვის.
"ტაძრის საკურთხეველი ხელუხლებელია", _ იუწყება აფხაზური მხარე.