იაპონიის მთავრობამ დააწესა ახალი სანქციები რუსეთის ფედერაციის ფიზიკური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ახალი სანქციები შეეხება 15 ფიზიკურ პირს, ცხრა კომპანიას და ორგანიზაციას.
სანქცირებულთა სიაში შედიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის რვა მოადგილე: ალექსეი კრივორუჩკო, ტიმურ ივანოვი, იუნუს-ბეკ ევკუროვი, დიმიტრი ბულგაკოვი, იური სადოვენკო, ნიკოლაი პანკოვი, რუსლან ცალიკოვი და გენადი ჟიდკო.
პერსონალური სანქციები ასევე შეეხება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორს დიმიტრი შუგაევს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსს იგორ კოსტიუკოვს, „როსობორონექსპორტის“ გენერალურ დირექტორს ალექსანდრე მიხეევს, როსნეფტის ხელმძღვანელის იგორ სეჩინის ყოფილ ცოლს მარინა სეჩინას, სენატორ სულეიმან კერიმოვსა და ბიზნესმენი ანდრეი სკოჩს.
სანქციები დაუწესდა სამხედრო ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებს, მათ შორის United Aircraft Corporation, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს.
სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ფინანსური ტრანზაქციებისა და იაპონიაში მოგზაურობის აკრძალვასა.
საერთო ჯამში, იაპონიის მიერ, უკრაინაში ომის გაჩაღების გამო, რუსეთის დაწესებული სანქციები ვრცელდება 76 ფიზიკურ პირსა და 12 კომპანიაზე.
მანამდე, მარია ზახაროვას პერსონალური სანქციები დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაუწესა.