უკრაინული და რუსული მარცვლეულისა და ზეთის მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის შეფერხებები, რუსეთიდან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, მსოფლიო სურსათის უსაფრთხოების სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის, აცხადებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი კუ დონჟუ.
მისი თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას COVID-19-მა არაერთი გამოწვევა შეუქმნა.
"ამ მხრივ, დღეს კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე ვდგავართ უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო. ეს ქვეყნები მსოფლიო სურსათის წარმოებასა და მიწოდებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა - სიდიდით მეხუთე. ორივე ქვეყანა მსოფლიოს ქერის მარაგის 19%-ს, ხორბლის 14%-ს და სიმინდის 4%-ს აწვდის. ეს მსოფლიოში მარცვლეულის ექსპორტის ერთ მესამედზე მეტია. ისინი არიან რაფსის ზეთის მთავარი მომწოდებლებიც და მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის საექსპორტო ბაზრის 52%-ს ავსებენ. სასუქის გლობალურ მომარაგებაშიც წამყვანი მწარმოებელი რუსეთია.
უკრაინული და რუსული მარცვლეულისა და ზეთის მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის შეფერხებები, ამასთან, რუსეთიდან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, მსოფლიო სურსათის უსაფრთხოების სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის. ეს განსაკუთრებით აისახება იმ ორმოცდაათამდე ქვეყანაზე, რომელთა ხორბლის მარაგის 30%, ან მეტი, რუსეთსა და უკრაინაზეა დამოკიდებული. ამ ქვეყნების დიდი ნაწილი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებსაც დაბალი შემოსავალი და სურსათის დეფიციტი აქვთ ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ბევრი ევროპული და ცენტრალური აზიის ქვეყანა სასუქის მარაგის 50%-ს რუსეთისგან ივსებს და ამ მხრივ დეფიციტი, შეიძლება, შემდეგ წლამდე გაგრძლდეს", განმარტავს კუ დონჟუ.