საქართველო რუსეთის და უკრაინის ბაზრებს ყაზახურით ჩაანაცვლებს და ადგილობრივ ბაზარზე ხორბლისა და ფქვილის დეფიციტი არ შეიქმნება. რუსული მედია უკვე აქტიურად წერს, რომ რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის ექსპორტი რამდენიმე თვით აიკრძალება. რუსეთ-უკრაინის ომის გამო კი მსოფლიოსთვის უკრაინის ბაზარი ავტომატურად დახურულია.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ქვეყანას 2 თვის მარაგი ისედაც გააჩნია და ამ ხნის განმავლობაში ხორბლის შემოტანა ყაზახეთიდანაც დაიწყება.
"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის 2 თვიანი მარაგი აქვს. უფრო კონკრეტულად კი არსებული ხორბლის მარაგები არის ერთი თვის მოხმარებისთვის საკმარისი და ფქვილისაც კიდევ ერთი თვის. შესაბამისად ის გადაწყვეტილება, რომელსაც რუსეთი საბოლოოდ მიიღებს, იმოქმედებს ჩვენს ბაზარზეც. ამიტომ ორიენტირი ამ ეტაპზე გვაქვს ყაზახეთის ბაზარზე. 10 ათასი ტონა ხორბლის მოწოდებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და კიდევ 10 ათას ტონაზე ხელმოწერის სტადიაზეა. შესაბამისად ხარჯვის პარალელურად ქვეყანაში შემოვა ყაზახური ხორბალიც", აცხადებს ლევან სილაგავა.
მისი თქმით, ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანაში პურის ფასის ზრდა არ მოხდეს და ამიტომ საჭიროების შემთხვევაში იგეგმება სუბსიდირების სქემის ამოქმედებაც.
"რაც შეეხება პურის ფასს, თვითონ პურის მწარმოებელთა ასოციაცია აცხადებს, რომ არსებული მარაგების გამო მაისამდე მათ ფასები არ შეეცვლებათ. პლიუს სახელმწიფო განიხილავს სუბსიდირების პროგრამას, იმასთან მიმართებაში თუ კი პურის ფასს ცვლილებები დაემუქრება.
თუმცა პურის ფასის ცვლილება სავარაუდო დრო შესაძლოა იყოს აპრილ-მაისი და თუ მანამდე ეს სიტუაცია არ დარეგულირდება ფასებთან მიმართებაში მოხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება, რათა პურის ფასი არ გაიზარდოს.
ხორბლის მწარმოებლები და წისქვილკომბინატები, ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე პრობლემა არ იქნება, რადგანაც ყაზახეთი არის ის ბაზარი, რომლითაც მოხდება ჩანაცვლება.
განიხილება ასევე რუმინეთი და უნგრეთი", აცხადებს ლევან სილაგავა.