იანვარი ჩვენ ძალიან აქტიურად, ძალიან ძლიერად დავიწყეთ, ეკონომიკური ზრდა გვაქვს 18 %-იანი, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ევროპაშიც, შეიძლება ითქვას. ექსპორტი არის 47%-ით გაზრდილი, ტურიზმი - ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, ამიტომ ეს ტემპი, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ შენელდეს, პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აქტიურად დაიწყება დაანონსებული პროექტები და პროგრამები მაღალი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად.
„აქტიურად უნდა დავიწყოთ ის პროექტები და პროგრამები, რომელიც დავაანონსეთ, ესაა დასაქმების პროგრამა, ესაა ეკონომიკის ასე ვთქვათ, ამაჩქარებლების წამახალისებელი პროექტების დაწყება და ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებულები, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. რეგიონში გამოწვევები დიდია, მაგრამ ჩვენ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. ამიტომ საჭიროა ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აქტიურად ხვდებიან, ესაუბრებიან ბიზნესს, მეც აქტიურად ჩავერთვები ამ კვირაში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წელს,“- აღნიშნა პრემიერმა.