უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმი ზელენსკის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, დასავლეთი უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ გეგმავს.
ვაშინგტონის და ბრიუსელის განცხადებით, არასაფრენ ზონად გამოცხადება მოქმედებას მოითხოვს, რაც უკრაინის ცაზე რუსი ბომბდამშენების განადგურებას გულისხმობს, ეს კი მესამე მსოფლიო ომის წინაპირობაა.
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ვაშინგტონი გამორიცხავს ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან ამან შესაძლოა, აშშ-სა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გამოიწვიოს.
"არასფრენი ზონა მოითხოვს მის ამოქმედებას. კერძოდ კი, ნიშნავს, რომ ამერიკულმა თვითმფრინავებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული გამანადგურებლები და გამოიწვიონ პოტენციური ომი რუსეთთან. ეს კი არის ზუსტად ის ნაბიჯი, რომლის თავიდან არიდება გვსურს", – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
არასაფრენი ზონის გამოცხადების იდეას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება ზედმეტად შორს გადადგმული ნაბიჯი იქნება.
"ევროკავშირი რუსეთთან ომში არ არის. რეალობა ის არის, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ხისტი ომი წამოიწყო. უკრაინა არ არის ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ უკიდურესი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილოთ მესამე მსოფლიო ომი", - აღნიშნა შარლ მიშელმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ლიდერებს გუშინ კიდევ ერთხელ მიმართა.
ზელენსკის თქმით, თუ დასავლეთს უკრაინის არასაფრენ გამოცხადების გამობედაობა არ აქვს, სამხედრო თვითმფრინავები მაინც გადასცენ კიევს, რათა შეძლოს რუსი აგრესორების მოგერიება.