უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოსალაპარაბელად ბელარუსში ჩასვლას არც კი განიხილავს. ამ განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგრესორი კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის შეთავაზებას გამოეხმაურა.
პესკოვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვისთვის, რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა ბელარუსის ქალაქ გომელში. დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დმიტრი პესკოვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად ნებისმიერ ქალაქში, მხოლოდ არა ბელარუსის ტერიტორიაზე, რადგან შეუძლებელია მშვიდობაზე ილაპარაკო იქ, საიდანაც გბომბავენ.
"4 დღის წინ, ზუსტად ბელარუსის ტერიტორიიდან, გაუშვეს ფრთიანი რაკეტები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ტექნიკა და დაარტყეს ჩვენს სახლებს“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების ადგილი შეიძლება იყოს სხვა ადგილი, კერძოდ, ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი ან ბაქო.
"როდესაც თქვენ [ბელარუსი] ნეიტრალურები იყავით, ჩვენ ვსაუბრობდით მინსკში, არაერთხელ გამართულა თქვენს ქალაქში შეხვედრა. ზუსტად ამიტომ, ახლა ჩვენ მინსკზე საუბარი არ გვაქვს. შეხვედრისა და მოლაპარაკებებისთვის, ადგილი შეიძლება იყოს სხვა ქალაქი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, მოლაპარაკება, ომის დასრულება... ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო - ესაა ყველაფერი ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს. მოლაპარაკებებისთვის გამოდგება ნებისმიერი ქვეყანა, სადაც რაკეტები არ დაფრინავს. მხოლოდ ასე შეიძლება, მოლაპარაკებები იყოს სამართლიანი და ომის დასრულება გამოიწვიოს", - განაცხადა ზელენსკიმ.