18 თებერვალს, ბელგიის ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისთვის კონფერენცია გამართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ხორვატიის, უკრაინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ისრაელის, მოლდოვის, კვიპროსისა და სომხეთის ცენტრალური ბანკების მმართველებმა. კონფერენციის მთავარი თემა იყო - "პოსტ-კოვიდური და გეოპოლიტიკური გამოწვევები: ახალი რეალობა მაკროეკონომიკისთვის და უძრავი ქონების ბაზრისთვის".
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე პირველი სესიის სპიკერად იყო მიწვეული და ისაუბრა თემაზე - კოვიდ-19 და ბოლო პერიოდის გეოპოლიტიკური გამოწვევები: მაკროეკონომიკური შედეგები და პერსპექტივები. კობა გვენეტაძის განცხადებით, რეგიონში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაცია საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდენს გავლენას და გააძლიერებს საგარეო შოკს ძირითადად 3 ძირითადი მიმართულებით: ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა 2017-2021 წლებში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროგრამამ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკურ გაჯანსაღებას.
"ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევაა. დროებითი ფაქტორების წვლილი ინფლაციაში კვლავ მაღალია, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს წარმოშობს. სწორედ ამ რისკების საპასუხოდ, 2021 წლის გაზაფხულიდან მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია, რათა უზრუნველვყოთ, რომ ფასების ბოლოდროინდელმა მატებამ, რომლებიც ძირითადად დროებითი ფაქტორებითაა გამოწვეული, ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინების ზრდა არ გამოიწვიოს. ჩვენ იმ მცირერიცხოვან ცენტრალურ ბანკებს შორის ვართ, რომლებიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მოსალოდნელ ტრაექტორიას საჯაროდ აქვეყნებენ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზის გამოქვეყნებით ბაზარს ეკონომიკური პერსპექტივის თანმიმდევრული მოლოდინის ჩამოყალიბებაში ვეხმარებით. ეს კი მაკროეკონომიკური გაურკვევლობის შემცირებას უწყობს ხელს, რაც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია" - განაცხადა კობა გვენეტაძემ.