რუსეთის დაკვეთა სულ უფრო მკაფიო ხდება ამ რეჟიმის მიმართ - საერთოდ უნდა შეჩერდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და უკვე ფორმალურად უნდა იქნეს გამოწვეული უკან ისიც კი, რაც ჯერ კიდევ ფარღალალა ქაღალდზე რჩება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„ევროკავშირში წლების განმავლობაში არსებობს გაწევრიანების ფორმატებისა და მოდელების სხვადასხვა იდეა. მათ შორის არის „ორმაგი სიჩქარის“ გაწევრიანების მოდელი, არის განვითარების ტემპებზე დაფუძნებული გაწევრიანების მოდელი. განიხილება ბევრი სხვადასხვა ტიპის მოდელი, რომელთა მიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაცების კლასიფიკაცია მოახდინოს, არამედ ის, რომ ასპირანტ სახელმწიფოებს გაწევრიანების საშუალება მისცეს. ეს ჩვენს ინტერესებშიც არის. პაპუაშვილს ვურჩევდი, გაეცნოს სამეცნიერო ლიტერატურას ამასთან დაკავშირებით, მათ შორის პროფესორი ჯეიმს ბელამის ნაწერებს და ნაკლებად მოუწევს ისტერიული განცხადების გაკეთება, რაც დღეს გააკეთა.
რუსეთი არის გაწბილებული სომხეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და უნგრეთში განცდილი მარცხით და, როგორც ჩანს, რუსეთის დაკვეთა სულ უფრო მკაფიო ხდება ამ რეჟიმის მიმართ - საერთოდ უნდა შეჩერდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და უკვე ფორმალურად უნდა იქნეს გამოწვეული უკან ისიც კი, რაც ჯერ კიდევ ფარღალალა ქაღალდზე რჩება“, - განაცხადა გეგელიამ.
შეგახსენებთ,პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს“.