ცხინვალის ოკუპირებულ რაიონში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რესი" ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილის სერგეი სანაკოევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ცხინვალის რაიონის სოფელ ინაურთან ტყეში ხანძრის ახალი კერის გაჩენის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახურში 22 ნოემბერს შევიდა.
ცეცხლი დაახლოებით 20 ჰექტარზე გავრცელებული და მის ჩასაქრობად ადგილზე გასულია 30 კაციანი ჯგუფი, რომელთაც მეტყევეებიც ეხმარებიან. ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ხანძარი ერთი კვირის წინ ოკუპირებულ ახალგორის რაიონ სოფელ ყანჩავეთში, რუსეთის სამხედრო ბაზის სიახლოვეს გაჩნდა. სეპარატისტულმა რეჟიმმა ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შესძლეს.