ნატოს წევრი სახელმწიფოები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამაში (პრო) 200 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავენ. ეს თანხა დახარჯული იქნება იმისათვის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი-სახელმწიფოების "პროს" სისტემები ერთიან სისტემაში ჩართონ. ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლისაბონის ნატოს სამიტზე გააკეთა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს წევრი-სახელმწიფოები რუსეთსაც შესთავაზებენ ახალ სისტემაში ჩართვას. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ "პროს" სისტემის შექმნა რამდენიმე ეტაპად მოხდება. 2011 წელს იგეგმება დამჭერი-რაკეტების გაჩენა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში არსებულ გემებზე იქნებიან განთავსებული. 2015 წელს ამ სისტემაში ჩაერთვება სტაციონალური რაკეტსაწინააღმდეგოები, რომლებიც ამჟამად რუმინეთში არიან განთავსებულნი, ხოლო 2018 წლიდან კი პოლონეთში დისლოცირებული რაკეტები.
ამას გარდა, ასევე განიხილება შესაძლებლობა იმისა, რომ "პროს" ახალი სისტემის რადარი თურქეთში განთავსდეს. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "პროს" ახალი სისტემა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი ირანისგან შესაძლო თავდასხმისგან თავის დაცვისთვისაა განკუთვნილი.
ამასთან ერთად, თურქული მედიის ინფორმაციით, ამ რეზოლუციაში საფრთხედ ირანის მითითების წინააღმდეგ წავიდა თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული _ "და ამ წინადადებას მხარი დაუჭირა აშშ-ს პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა. შედეგად მიღებული იქნა რეზოლუციის ისეთი პროექტი, როგორსაც თურქეთი ითხოვდა.
"ევროპული სარაკეტო ფარი ირანის წინააღმდეგ მიმართული არ უნდა იყოს. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ იმისა, რომ რომელიმე ქვეყანას მტერი ვუწოდოთ და ნატოში ეთანხმებიან ჩვენს დასკვნას. თურქეთი მონაწილეობას ვერ მიიღებს პროექტში, რომელიც ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული", _ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ნატო ეს - "თავდაცვითი ალიანსია, რომელმაც თავისი წევრები ბალისტიკური საფრთხისგან უნდა დაიცვას და არა დამაშინებელი ორგანიზაცია".