საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სს „კაპიტალ ბანკის“ აქციათა 100% წილის მფლობელი ეტაპობრივად გახდა უცხოური კომპანია ESOL B.V, რომლის ბენეფიციარ მესაკუთრეს უცხო ქვეყნის მოქალაქე – რ.ა. წარმოადგენდა. სს „კაპიტალ ბანკის“ აქციათა მესაკუთრედ გახდომის და ბანკის მართვაში უშუალოდ ჩართვის შემდეგ, რ.ა.-მ, ბანკის მენეჯერულ თანამდებობაზე მყოფ პირებს მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქე – ს.პ. წარუდგინა, რომლის მიერ გაცემული მითითებები რ.ა-ს დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს უპირობოდ უნდა შეესრულებინათ.
„რ.ა.-ს და ს.პ.-ს განზრახული ჰქონდათ საბანკო დაწესებულების გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა, რის უზრუნველსაყოფადაც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, განახორციელეს ქმედებათა ჯაჭვი. კერძოდ, სს „კაპიტალ ბანკში“ ანგარიშები გაუხსნეს რ.ა.-სთან და ს.პ.-სთან დაკავშირებულ ორმოცამდე იურიდიულ და ფიზიკურ პირს. ამასთან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სს „კაპიტალ ბანკის“ თანამშრომლებს არსებული საბანკო რეგულაციების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უკანონო დავალებებს აძლევდნენ.
უკანონო დავალების შესასრულებლად, სს „კაპიტალ ბანკის“ პასუხისმგებელი პირები – გ.გ., ს.ს. და ლ.ხ. სრულყოფილად არ ახორციელებდნენ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას, არ ადგენდნენ ბანკთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზანს, არ აწარმოებდნენ იურიდიულ პირებთან დაკავშირებულ სრულყოფილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, არ სწავლობდნენ კლიენტის მიერ განხორციელებულ გარიგებებს, გარიგების შესაბამისობას კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობასთან, ქონების და მათ შორის ფულადი სახსრების წარმომავლობას.
რ.ა. და ს.პ. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და საბანკო რეგულაციების გვერდის ავლით, ფიქტიური დანიშნულებებით და რიგ შემთხვევებში ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საბანკო დაწესებულებაში რიცხავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელ თანხებს. შემდგომში კი, ქონების უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის და ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით, ახორციელებდნენ ფულადი სახსრების დაყოფას და შერევას მათ ფაქტობრივ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულის შემდეგ კი, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა.
რ.ა.-მ და ს.პ.-მ, სს „კაპიტალ ბანკის“ თანამშრომელთა – გ.გ.-ს, ს.ს.-ს და ლ.ხ.-ს აქტიური დახმარებით, მათთან კავშირში მყოფი ათეულობით იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშების გამოყენებით, მოახდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხის ლეგალიზაცია. იქიდან გამომდინარე, რომ სს „კაპიტალ ბანკი“ ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელ საბანკო პრაქტიკას და სისტემატურად არღვევდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაუუქმდა საბანკო ლიცენზია და „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდაცია განხორციელდა.
დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, – ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან/და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზემოაღნიშნული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებულია 6 436 694 აშშ დოლარი, 30 402 ევრო და 15 332 ლარი. აგრეთვე, ყადაღა დაედო ბრალდებულების ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას. პროკურატურის მიერ ტარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავი ქონების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოსართმევად.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მსგავსი საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოსავლენად“, – განაცხადეს პროკურატურაში.