იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2022 წლის 17 იანვარს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი ზ.გ. დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ რეგისტრატორმა ზ.გ.-მ 2012-2021 წლებში დაინტერესებულ პირებს საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ მიანიჭა უპირატესობა და ყოველგვარი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე საკუთრებაში უკანონოდ დაურეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ზ.გ.-მ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ხუთ ეპიზოდში. მას კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს და აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მიერ ჩადენილ ნებისმიერ სამოხელეო დანაშაულს მომავალშიც მკაცრი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.