ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარე და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ევროპაში ომის საფრთხის შესახებ საუბრობს.
ეს განცხადება ზბიგნევ რაუმ ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელზეც ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე, იმსჯელეს.
"ეუთო-ს ტერიტორიაზე ომის საშიშროება ახლა უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს, გასული 30 წლის განმავლობაში", - თქვა რაუმ.
ეუთოს თავმჯდომარეს რუსეთი არ დაუსახელებია, თუმცა ახსენა დაძაბულობა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, სადაც აქტიური და გაყინული კონფლიქტები რუსეთთან არის დაკავშირებული.
"რამდენიმე კვირაა ჩვენ ვდგავართ აღმოსავლეთ ევროპაში დიდი სამხედრო ესკალაციის პერსპექტივის წინაშე", - თქვა მან.
დიპლომატმა 57 წევრი ქვეყნის, მათ შორის რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს მიმართა და რეგიონული დაძაბულობის შესამცირებლად ეუთოს ფორმატის გამოყენებისკენ მოუწოდა.
"მიმდინარე კრიზისი ემუქრება მთელი ევროპული სისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას", - ხაზგასმით აღნიშნა ზბიგნევ რაუმ.
ეუთოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მაიკლ კარპენტერმა, თავის მხრივ, ეჭვი გამოთქვა, რომ ამ კვირაში ორგანიზაციის ფორმატში "კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული", თუმცა დასძინა, რომ დიალოგი მისასალმებელია.
მაიკლ კარპენტერმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ხაზი გაუსვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობას. მან საქართველოში, უკრაინასა და მოლოდვაში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნაზეც ისაუბრა.
"სტაბილურობას ძირს უთხრის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და მისი ბოლოდროინდელი მოქმედებები უკრაინის საზღვრებთან. რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოსა და მოლდოვაში მიუღებელია და ეწინააღმდეგება ეუთოს ფუძემდებლურ პრინციპებს", - თქვა კარპენტერმა.
ამავდროულად, ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააფრთხილა დასავლეთი უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკებების გაჭიანურების მცდელობის შესახებ და განაცხადა, რომ რუსეთი მიიღებს ზომებს საფრთხეების აღმოსაფხვრელად, თუ უახლოეს მომავალში რეაგირება არ იქნება.
"თუ ჩვენ არ მოვისმენთ კონსტრუქციულ პასუხს ჩვენს წინადადებებზე გონივრულ ვადებში და გაგრძელდება აგრესიული ქცევა [რუსეთის] მიმართ, ჩვენ უნდა მივიღოთ აუცილებელი ზომები სტრატეგიული ბალანსის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიუღებელი საფრთხეების აღმოსაფხვრელად", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.
ეუთოს ფარგლებში კონსულტაციებს წინ უსწრებდა 12 იანვარს ბრიუსელში გამართული ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, მანამდე კი 10 იანვარს ჟენევაში "სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე" შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები.