პარტია "ლელოს" თანადამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მას და მამუკა ხაზარაძეს, ისევე როგორც ავთანდილ წერეთელს დანაშაული არ ჩაუდენიათ და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების სასჯელის სახით პატიმრობა არ განესაზღვრათ, განაჩენს ზედა ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"ახლა რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცალა ის მუხლი, ფულის გათეთრების მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. თუმცა ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, შესაბამისად გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.
მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ რომ არ ვეთანხმებით. არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში და სასჯელად განუსაზღვრა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო, სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა. ამავე მოტივით, მოსამართლემ 7-წლიანი საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლა ავთანდილ წერეთელიც.
აღსანიშნავია, რომ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს პროკურატურის მიერ ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით ჰქონდათ წარდგენილია, რაც მოსამართლემ თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირა. ავთანდილ წერეთელს ბრალი ფულის გათეთრებაში მონაწილეობაში მიღებისთვის ჰქონდა წარდგენილი, რაც მოსამართლემ თაღლითობაში მონაწილეობით გადააკვალიფიცირა.