სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს კანატ საუდაბაევს, გენერალურ მდივანს მარკ პერინ დე ბრიშამბოს და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს აუდრონიუს აჯუბალისს წერილი გაუგზავნა. წერილში ჯიოევი მოითხოვს მიეცეს ოს სეპარატისტებს ეუთოს წევრი სახელმწიფოების წინაშე სიტყვით გამოსვლის უფლება, განსაკუთრებით ისეთი შემთხვევების დროს როდესაც ეუთოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება ე. წ. სამხრეთ ოსეთს ეხება.
"ევროკავშირის დამოუკიდებელმა კომისიამ დაადგინა საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ და მათYშორის ეუთომ არ მოუწოდა საქართველოს პასუხი ეგო ყოველივე ამისათვის", _ ნათქვამია წერილში.
ამას გარდა, მურატ ჯიოევი წერილში ასევე წერს, რომ "საქართველოს ლიდერები დარწმუნებულნი არიან რა თავის უდანაშაულობაში კვლავ აგრძელებენ აგრესიული გეგმების შედგენას სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში".
წერილში ასევე ნათქვამია, რომ "საქართველოს არასოდეს ჰქონია კანონიერი უფლება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე". ამას გარდა, წერილში ჯიოევს ჩამოყალიბებული აქვს "სამხრეთ ოსეთის მიერ გავლილი ისტორიული გზა დამოუკიდებლობამდე".
"მიგვაჩნია აუცილებლად სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს მიეცეთ საშუალება ეუთოს შტაბ-ბინაში ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ. განსაკუთრებით ისეთი საკითხების განხილვის დროს, როდესაც განსახილველი საკითხები სამხრეთ ოსეთს ეხება", _ ნათქვამია წერილის დასასრულს და იქვე აღნიშნულია, რომ თავის მხრივ ოსი სეპარატისტები დიალოგისთვის მზად არიან.