ირანმა სანქცირებულთა სიას, რომელიც შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს მოიცავს, რამდენიმე ათეული ამერიკელი მაღალჩინოსანი დაამატა.
ირანის განცხადებით, სანქცირებულმა პირებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ირანის უმაღლესი რანგის გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საქმეში.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ყასემ სოლეიმანის მიმართა განხორციელებული "ტერორისტული აქტის" გამო, სანქცირებულთა სიაში 51 ამერიკელი მოხვდა.
სანქცირებულთა შორის არიან აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი, ცენტრალური სარდლობის მეთაური კენეტ მაკკენზი, პენტაგონის ოფიციალური პირები და აშშ-ის სახმედრო ბაზების მეთაურები.
სანქციები სიმბოლურია, რადგან ამერიკელი ოფიციალური პირები არ ფლობენ ისეთ აქტივებს, რომლებზედაც თეირანს ხელი მიუწვდება.
ამ კვირის დასაწყისში, გენერალ სოლეიმანის მკვლელობიდან ორი წლის თავზე, ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი და მაიკ პომპეო "სამართლიანი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისლამური რესპუბლიკა შურს იძიებს".
ირანმა ასევე მოუწოდა გაეროს გენერალურ ასამბლეას და უშიშროების საბჭოს, მიიღონ შესაბამისი ზომები აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ, რომელსაც თეირანი ასევე ადანაშაულებს სოლეიმანის მკვლელობაში დახმარების გაწევაში.
ერთი წლით ადრე, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ირანმა სანქციები დაუწესა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და კიდევ 8 პირს.
შეგახსენებთ, ორი წლის წინ, 2020 წლის 3 იანვარს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ყუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.
მოგვიანებით, პენტაგონმა დაადასტურა, რომ გენერლის მკვლელობა ამერიკული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მოხდა, რომლის განხორციელების განკარგულება პირადად შეერთებული შტატების პრეზინდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა. პენტაგონის ცნობით, სამხედრო იერიში ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმის საპასუხოდ დაიგეგმა.
გასული წლის ივნისში, ირანმა გენერალ სოლეიმანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპსა და კიდევ 30-მდე პირს დააკისრა და მათი დაკავების განკარგულება გამოსცა. იუწყებოდნენ, რომ ირანმა დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა, რათა ბრალდებულები წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში შეეყვანათ, როგორც "მკვლელობისა და ტერორიზმისთვის ბრალდებულები".